Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, რას პასუხობს უწყება

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, რას პასუხობს უწყება

09/09/2022 08:27:01 თავდაცვა

"თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს უწყების თანამშრომელი ქალის მისი ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროების ფაქტზე",– აცხადებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“.

მისი ცნობით, ახალგაზრდა ქალმა უფლებადამცველებს 23 აგვისტოს მიმართა და განუცხადა, რომ ხელმძღვანელი ავიწროებდა სექსუალურად, კერძოდ, მიმართავდა დამაკნინებელ, დამამცირებელი სიტყვებით.

„საფარის“ ცნობით, იმავე ხელმძღვანელის შევიწროებაში კიდევ ორი ქალი ადანაშაულებს.

როგორც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, მეორე დღესვე, 24 აგვისტოს მიმართეს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და გადასცეს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები. თუმცა „საფარის“ განცხადებით, უწყებას ორი კვირის განმავლობაში რეაგირება არ ჰქონია.

„ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. არის უკიდურესად შეშინებული და ცდილობს გამოიყენოს შვებულება სრულად, რათა არ მოუწიოს სამსახურში გასვლა იმავე მდგომარეობაში“, - აცხადებს „საფარი“ და დასძენს რომ "თავდაპირველად გენინსპექციაში მტრულად განწყობილი დახვდნენ და დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეცვალეს, რაც გაიგეს, რომ ქალს ადვოკატი „საფარიდან“ ახლდა".

თავის მხრივ, სამინისტრო აღნიშნავს, რომ „აქტიურად მუშაობს“.

მისი ცნობით, "უკვე გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი":

"გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება.

აქვე განვმარტავთ, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით.

ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები: გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული. გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S