09-09-2022 18:32:39 კონფლიქტები
რუსეთის თავდაცვის საინისტრომ აფხაზეთში პროკლამაციების გავრცელება დაიწყო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსული ჯარის რიგებში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ხალხმარავალ ადგილებში გაკრულია ფერადი პლაკატები, რომლებზეც აფხაზ ახალგაზრდებს სანაცვლოდ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ:
მართალია, პროკლამაციებზე მითითებულია, რომ მსურველებს მსახური კრასნოდარის სამხედრო ბაზაზე მოუწევთ, თუმცა ყველას ესმის, რომ რეალურად, ახალგაზრდობას უკრაინაში საომრად კრებენ.
ის ფაქტი, რომ ეს პროკლამაციები წინააღმეგობაში მოდის აფხაზეთის მოქმედ კანონდებლობასთან, როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუთვალისწინებია. აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსში კი, კერძოდ «დაქირავებული მებრძოლების შესახებ» მუხლში ცალსახადაა მოცემული როგორც თავად დაქირავებულის დეფინიცია, ისე სასჯელი, რომელიც მას ამ საქმიანობაში მონაწილეობის გამო ეკისრება.
აფხაზეთის სს კოდექსის 368-ე მუხლი:
დაქირავებულ მებრძოლად მიიჩნევა პირი, რომელიც მოქმედებს მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და არ წარმოადგენს იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში ან საბრძოლო მოქმედებებში; რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არ წარმოადგენს პირს, რომელსაც შესაბამისი ოფიციალური ვალდებულებები ეკისრება.
შეუძლებელია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და საკუთრივ კრასნოდარის სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს არ სცოდნოდათ აფხაზეთში მსგავსი ქმედებებისთვის გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი სასჯელის შესახებ, თუმცა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, აფხაზი ახალგაზრდობა მაღალი ანაზღაურებით რუსული ჯარის რიგებში იტყუონ. რატომ? - პასუხი მარტივია: მათ ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი კანონმდებლობა, რადგან აფხაზეთს უკვე «საკუთარ ტერიტორიად» მიიჩნევენ.
მაგრამ ეს ყველაფერი "ლირიკაა". ერთ-ერთი აფხაზური ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, უკრაინაში კონტრაქტების საფუძველზე საომრად გაგზავნის მიზნით აფხაზეთში ახალგაზრდობის შეკრების პუნქტების გახსნა იგეგმება და ჯგუფს, რომელიც წინა ხაზზე იომებს, «შტორმი» ერქმევა.
ეს კი უკვე ძალზე სერიოზულია! საქმე იმაშია, რომ აფხაზეთის მიმართ კრემლის რიტორიკა ბოლო დროს საგრძნობლად გამკაცრდა. თუ ადრე რუსები მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების საფარქვეშ აღწევდნენ, დღეს აფხაზეთისა და მისი მოსახლეობის მიმართ თავის რეალურ დამოკიდებულებასა და ზრახვებს აღარ მალავენ.
«რუსები მიწებს გვართმევენ, გვაშინებენ, ლამის ციხეებში ჩაგდებით გვემუქრებიან ყველას, ვინც ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას. ეხლა კი უკვე ახალგაზრდობით დაკავდნენ, მისი საუკეთესო ნაწილით! მოხუცები და ქმედითუუნაროები თავის ჯარში, ცხადია, არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ საუკეთესოები. რა ჰქვია ამას, თუ არა აფხაზი ხალხის გენოციდი?!», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი ალისა.
«რუსეთს სურს, გაანადგუროს აფხაზი ერის საუეთესო ნაწილი — ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც პირველად ომისშემდგომი წლების განმავლობაში, ღიად გამოხატავს საუთარ აზრს და რიგ საკითხებში დაუფარავად უწევს წინააღმდეგობას რუსებს. რამდენჯერ გვეუბნებოდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომ რუსებს მხოლოდ ჩვენი მიწა-წყალი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვუსმენდით. ეხლა, როცა მიწა თითქმის დაისაკუთრეს, მათ სწორედ ახალგაზრდობა უწევთ წინააღმდეგობას, ამიტომაც რუსებს ნებისმიერი გზით მისი მოსპობა სურთ», - თვლის ჩვენი თანამოსაზუბრე რაუფი.
მძულს სიტყვა ოკუპაცია, მაგრამ აფხაზეთში რუსეთის ქმედებების გადმოსაცემად უკეთესს ვერ შეარჩევ. კრემლი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციას ახორციელებს. უბრალოდ სხვისი ტერიტორიის დაკავება ხორციელდება არა სამხედრო ძალის გამოყენებით, არამედ ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობით. და აქ მარტო ბიჭვინთასა და აიბღაზე როდია საუბარი. რუსებმა უკვე აფხაზ ახალგაზრდობას დაადგეს თვალი, რომელიც მზადაა, სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცვას სამშობლოს ინტერესები.
აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მითიური წარმოდგენა აქვს მეგობარზე, მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორზე, რომელიც ვითომდა იცავს აფხაზეთს მტრის შემოჭრისა და თავდასხმისგან. არ ვიცი, არ ესმით, თუ გარკვეული პირადი ინტერესების გამო თავს იკატუნებენ, მაგრამ ჩვენს რესპუბლიკაში ერთი მეორეს მიყოლებით განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ თუ ვინმეა აფხაზეთის მეგობარი, ეს რუსეთი ნამდვილად არაა. ქვეყანა, რომელსაც თუნდაც მცირე, მაგრამ სხვისი ტერიტორიის მისაკუთრება და აფხაზი ერის საუეთესო ნაწილის განადგურება სურს, კეთილმოსურნე ვერ იქნება!
«კიდევ რა უნდა ჩაიდინონ რუსებმა, რომ ჩვენ — აფხაზებმა სიმართლეს გავუსწოროთ თვალი? არავითარი მეგობრობა ჩვენს შორის არაა და როგორც ჩანს, არც ყოფილა. მთელი მსოფლიოს გასაგონად აღებული ვალდებულების გამო რუსეთს აქამდე ჩვენი შთანთქმა არ შეეძლო. მაგრამ ეხლა, როცა რუსეთს მსოფლიოს აზრი აღარ აინტერესებს, რაც უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა ცხადყო, ვალდებულებებს აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ეხლა რუსებისთვის მორიგი დაუსრულებელი საქმე ვართ და მის დასასრულებლად ხელსაყრელი დრო სწორედ დღეს უდგას, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის მოვლენებითაა დაკავებული. კრემლის მაღალ კაბინეტებში აფხაზეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვთ. რაც ადრე მივხვდებით ამას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის» – თვლის ჩვენი რესპონდენტი ანატოლი.
ფერადი პლაკატების თემას აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა, განიხილავენ და ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას არც ერთი სიტყვა არ მოუსმენია არც მთავარსარდალ ასლან ბჟანიასგან, არც თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ ანუასგან, არც სხვა რომელიმე მაღალჩინოსნისგან, რომელთაც აფხაზმა ხალხმა სამშობლოს ინტერესების დაცვა მიანდო. ეს ძალზე სავალალო ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ისინი ინფორმირებულები იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ყველა ქმედების შესახებ და დუმდნენ, ეს კი უკვე სისხლის სამართლის კოდექსის სულ სხვა — სახელმწიფო ღალატის მუხლია.
აფხაზეთის სს კოდექსის 273-ე მუხლი:
სახელმწიფო ღალატად მიიჩნევა ქმედებები, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეები რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან სახელწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ ჩაიდენენ (მტრის მხარეს გადასვლა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისთვის სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოს გაცემა, უცხო ქვეყნის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ მტრულ საქმიანობაში).
როგორც ჩანს, აფხაზ ხალხს არჩევანის გაკეთების დრო დაუდგა: ან კვლავაც მოთმინებით ვეთაყვანებით რუსეთს და ვკარგავთ სამშობლოს, ან ნებისმიერი შესაძლო გზით ვეწინააღმდეგებით მას. სხვა ალტერნატივა, სამწუხაროდ, არ არსებობს. რუსეთი აფხაზეთის განადგურების ფინალურ ფაზაში გადავიდა და უკან დაბრუნების ან რამეზე მოლაპარაკებისთვის დრო აღარ დარჩა.
კრისტინა ავიძბა
_______________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება