
პუტინმა აფხაზეთთან "ორმაგი მოქალაქეობის შესახებ" შეთანხმების გაფორმების ბრძანება გასცა
09/09/2022 17:20:50 კონფლიქტები
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების რეგულირების შესახებ" შეთანხმებას გააფორმებს. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა. იგი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის ტექსტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები აფხაზური "მოქალაქეობის" მიღებას რუსულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეძლებენ და პირიქით. ამასთან, ადამიანები, რომელთაც აფხაზეთის "მოქალაქეობა" 2008 წლის 26 აგვისტომდე გააჩნდათ და დღემდე აქვთ შენარჩუნებული, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებენ.
დოკუმენტის რიგი დებულებები ეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს. ისინი სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების მუდმივი ცხოვრების ადგილზე მიღებას შეძლებენ. იმავე პრინციპით იმოქმედებს სამხედრო სამსახურში გაწვევაც.
შეთანხმების სხვა დებულებებში საუბარია ბავშვთა, სამხედროებისა და სამართალდამცველების მოქალაქეობის საკითხებზე. შეთანხმება ხუთ წლიანია და ითვალისწინებს ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობას, თუკი რომელიმე მხარე წინასწარ წერილობითი სახით არ დააფიქსირებს მისი შეწყვეტის სურვილს. თუმცა შეთანხმებიდან გასვლა მოქალაქეობიდან ავტომატურ გასვლას არ გამოიწვევს.
პუტინმა დოკუმენტს იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ წინასწარ შეთანხმებული პრიობები, რომელიც დოკუმენტშია გაწერილი, მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიძლება, შეიცვალოს.
ცნობისთვის: მანამდე რუსეთმა ანალოგიური შეთანხმება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან გააფორმა.