
ლარი რეკორდულად გაუფასურდა
21/05/2019 08:18:59 ეკონომიკა
ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა - ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარია.
ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უფასურდება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა, როდესაც 2.7424 ლარი იყო. გუშინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი გაუფასურების მიმართულებით, ლარის კურსის რყევებს საგარეო ფაქტორებით ხსნის.
„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია... რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცააა. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე; მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე, ეს ემსახურება იმას, რომ სწორედ აი, ამ ტიპის რყევები, რომელილც ყველგან ხდება, მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებშ, ამ რყევების მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვარ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დაგეგმილი“, - განაცხადა მინისტრმა მედიასთან.
გადასახადის გადამხდელთა კავშირში აცხადებენ, რომ „ლარის კურსის რყევა სახელმწიფო შესყიდვებში რისკებს ქმნის“. კერძოდ, ლარის კურსის რყევამ რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ.
„ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას. მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე ოდენობით“, - აცხადებენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში.
მათივე თქმით, თუ მიმწოდებლებს, კურსის ცვლილების გამო, წარმოექმნათ მნიშვნელოვანი ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი, მათ უფლება აქვთ შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების შესახებ მიმართონ.