
"კონტრშეტევამ რუსები გააოგნა": ბრიტანული დაზვერვა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და კუპიანსკის დაკავების მნიშვნელობაზე საუბრობს
10/09/2022 10:35:02 ევროპა
რუსული ჯარები ხარკოვის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევამ გააოგნა,– ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.
„ეს სექტორი უმნიშვნელო ძალებით იყო დაკავებული და უკრაინულმა შენაერთებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს და ალყა შემოარტყეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები იზიუმის ირგვლივ "სულ უფრო იზოლირებული" ხდება.
„უკრაინული შენაერთები ახლა ემუქრებიან ქალაქ კუპიანსკს; მისი დაკავება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რადგან ის დონბასში ფრონტის ხაზის მიწოდების მარშრუტებზე მდებარეობს“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა 10 სექტემბრის ანგარიშში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრანელებმა კუპიანსკი დაიკავეს, ხოლო იზიუმში შევიდნენ. ცნობა გენშტაბს ჯერ არ დაუდასტურებია. ამასთან, CNN–ის ცნობით, რუსეთს ხარკოვში დამატებითი ძალები შეჰყავს.
ბრიტანული დაზვერვა მიუთითებს, რომ უკრაინის ოპერაციები ხერსონის რეგიონში გრძელდება, ამიტომ რუსული ჯარები "ზეწოლის ქვეშ არიან" როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში.