
ღალატისთვის ხარკოვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს – მედია
12/09/2022 08:02:03 ევროპა
რომან დუდინი, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლომდე ხელმძღვანელობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ხარკოვის რეგიონში, დააკავეს ღალატის და სამსახურეობრივი ადგილის მიტოვების ბრალდებით,– ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია სამართალდამცავი ორგანოებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, დუდინი დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში დააკავეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 მაისს ხარკოვის რეგიონში მოგზაურობის შემდეგ დუდინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის „სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან არ მუშაობდა ქალაქის დასაცავად და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა“.ივლისში ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
უკრაინის ლიდერის თქმით, ღალატის მუხლით ქვეყანაში რამდენიმე ასეული საქმის გამოძიება მიმდინარეობს, 60-ზე მეტი სამართალდამცავი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოქმედებენ კიევის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაზეც, ზელენსკის თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.რომან დუდინი 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა ხარკოვის რეგიონში უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, დუდინი ირწმუნებოდა, რომ რეგიონი საიმედოდ იყო დაცული და უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდებოდა სიტუაციას საზღვარზე.
თანამდებობის დატოვების შემდეგ დუდინმა გამოაქვეყნა ვიდეო და შეტყობინებები რეგიონის უკრაინული ხელისუფლების და სამხედროების კრიტიკით.