
უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში რუსეთთან საზღვარს მიაღწიეს - სინეგუბოვი
12/09/2022 08:34:41 ევროპა
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში უკრაინის დამცველებმა მიაღწიეს რუსეთთან სახელმწიფო საზღვარს.
იგივეს აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო.
„ჩვენი სამხედროები აგრძელებენ ხარკოვის რეგიონის რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლების ოპერაციას. მტერი ნაჩქარევად ტოვებს პოზიციებს და გადადის ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ტერიტორიაზე.
გუშინ რუსებმა დატოვეს კუპიანსკის რაიონის დასახლებები ბოლშოი ბურლუკი და დვურეჩნაია. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში ჩვენმა დამცველებმა მიაღწიეს რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვარს“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
კირილო ტიმოშენკო წერდა, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები ნაბიჯ–ნაბიჯ ათავისუფლებენ ხარკოვის რეგიონს: ეს არის ასობით დასახლება, ათასობით ქუჩა – მშობლიური ადგილები ათიათასობით უკრაინელისთვის.
დეოკუპირებულ ტერიტორიებს პირველადი დახმარება მიეწოდება - საკვები, ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. ეს სასწრაფოდ არის საჭირო".
ISW ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს – სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი დაიბრუნეს.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში და კონტროლი დაიბრუნა ნახევარი წლის წინ დაკარგულ ტერიტორიებზე, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".