
იზიუმში რუსული ოკუპაციის დროს სულ მცირე, 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - საკრებულოს დეპუტატი
12/09/2022 16:56:28 ევროპა
იზიუმიში ოკუპაციის პერიოდში სულ მცირე, ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,– განაცხადა იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკოვმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, "დამპყრობლებმა აქაც, ისევე როგორც სხვა ადგილებში ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები და მათ დამალვას ცდილობდნენ“.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციების შედეგად მინიმუმ, 1000 ადგილობრივი დაიღუპა“.
სტრელნიკოვმა დააზუსტა, რომ „კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ მათ დროული სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, რადგან რუსმა დამპყრობლებმა ჯერ კიდევ მარტში გაანადგურეს იზიუმში ყველა სამედიცინო დაწესებულება, ასევე შეზღუდული იყო მედიკამენტებზე წვდომა“.
დეპუტატი ირწმუნება, რომ წინასწარი მონაცემებით, იზიუმში ამჟამად დაახლოებით 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
სტრელნიკოვმა აღნიშნა, რომ განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი, მათ შორის, გათბობის სისტემა.
„აუცილებელია ექსპერტიზა და საპროექტო სამუშაოების ჩატარება, რათა დაიწყოს საომარი მოქმედებების და ოკუპაციის შედეგად ძალიან ძლიერ დაზიანებული ქალაქის აღდგენა“, - განაცხადა მან.
10 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს იზიუმიდან, რაც დაადასტურეს რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებმა.