
სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ
13/09/2022 06:47:51 კავკასია
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, საზღვარზე მდგომარეობა არ შეცვლილა.
„მოწინააღმდეგე განაგრძობს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი შეიარაღების გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, ართანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგე არ წყვეტს წინ წაწევის მცდელობებს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.
„12 სექტემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებებზე ფართომასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა ისარგებლეს მთიანი რელიეფით და ხეობებით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიები სხვადასხვა მიმართულებებით დანაღმეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სხვადახხვა ტიპის შეიარაღებიდან, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან, ინტენსიური ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში. შედეგად, არის მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".