
350 სამხედრო, 17 რაკეტა: უკრაინის გენშტაბმა რუსეთის დანაკარგებზე ისაუბრა
13/09/2022 07:54:01 ევროპა
მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 350 სამხედრო, ხოლო 24 თებერვლიდან - 53 300 ადამიანი.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე – ომის 202–ეს რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2175 (+7),
- ჯავშანტექნიკა –4662 (+22),
- საარტილერიო სისტემა – 1279 (+10),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311 (+5),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 165 (+3),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 244 (+1),
- ვერტმფრენი – 213,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 904 (+1),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3469 (+6),
- სპეცტექნიკა –117,
- ფრთოსანი რაკეტა – 233 (+17).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ყველაზე დიდი დანაკარგი ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებით განიცადა.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შედეგად "რუსული არმია სერიოზულად დასუსტდა".
"რუსეთს შესაძლოა, წლები დასჭირდეს მისი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სატანკო ქვედანაყოფის, I გვარდიის სატანკო არმიის აღდგენისთვის ხარკოვის ოლქიდან უკან დახევის შემდეგ. აღნიშნული არმია სერიოზულად არის დეგრადირებული, რის გამოც რუსეთის არმია სერიოზულად დასუსტდა", – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის სამსახურის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში.
11 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის –იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.