Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში საფრანგეთის მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საფრანგეთის მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს

13/09/2022 12:27:01 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფანი ლუკასი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. ამის შესახებ ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

არძინბას თქმით, "ლუკასი გაერო–ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხორციელდებოდა".

"ლუკასი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული. იგი ადრე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ასევე მსახურობდა საფრანგეთის სამხედრო ატაშედ თბილისში. ლუკასის ქმედება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილება.ამასთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება: აკრძალოს ამ პროექტის განხორციელება გაერთიანებულ რუსულ ბაზასთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ლუკასმა აფხაზეთის ტერიტორია უკვე დატოვა. აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს არ აღიარებენ. ჩვენ მათ ვუჩვენებთ, რა არის აფხაზეთის სახელმწიფო“, - ირწმუნება არძინბა.

მისი თქმით, იგი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ წარმომადგენლობაში ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

FAO გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას უდგას სათავეში. პროგრამის მიზანი აფხაზური ვაზის ჯიშების განვითარება იყო.

ინალ არძინბამ მაისში საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი დახურა, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. უწყებაში აცხადებდნენ, რომ "უშიშროების სამსახურმა" გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობას.

არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის – ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S