
ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთს დაფინანსება შეუზღუდოს
14/09/2022 12:14:00 ევროპა
ევროკომისია უნგრეთის დაფინანსების შეზღუდვის რეკომენდაციის გაცემას გეგმავს. მიზეზი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი კორუფციის შესახებ ეჭვებია, - იუწყება "Bloomberg" ევროკავშირში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, ევროკომისია თავისი შეფასების ფორმალიზებას კვირას, 18 სექტემბერს აპირებს, რის შემდეგაც სამი თვის განმავლობაში ევროკავშირის მთავრობები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
კომისიის ინიციატივის მისაღებად წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობაა აუცილებელი.
უნგრეთი გამოძიების ობიექტად ქცეული პირველი ქვეყანაა ევროკავშირში მიღებული იმ ახალი წესის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებას უფლებას ანიჭებს, დასაჯოს წევრი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს აზიანებს. ევროკომისიამ თვეები დახარჯა იმის გამოძიებაზე, როგორ ირღვევა უნგრეთში კანონის უზენაესობა ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში.
ორბანის მთავრობა, რომელმაც გამოძიების შედეგების მოლოდინში ევროკავშირის დაფინანსებასთან წვდომა დაკარგა, 2027 წლამდე პერიოდში ევროკავშირისგან 40 მლრდ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსების მიღებას იმედოვნებდა.
ამასწინათ იგი გამოვიდა ინიციატივით, ევროკომისიის ეჭვების გასაქარწყლებლად ჩამოყალიბდეს კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო და რიგ კანონებში შეტანილ იქნას ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებს შეეხება.
ერთ-ერთი ჩინოსნის თქმით, კომისია გეგმავს, ევროკავშირის ლიდერებს ორბანისთვის დროის მიცემა შესთავაზოს, რათა მან კორუფციის ალაგმვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეძლოს.
უნგრეთს ერთი თვე ექნება საიმისოდ, რომ კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იმოქმედოს. ეს ვადა შესაძლოა, მაქსიმუმ, სამი თვით გახანრძლივდეს.
ხვალ, 15 სექტემბერს ევროპარლამენტში განიხილავენ და კენჭს უყრიან მოხსენებას უნგრეთში კანონის უზენაესობის შესახებ. თუმცა ბრიუსელში გამგზავრებას ქვეყნის მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ გეგმავს, პრემიერ ვიქტორ ორბანის ჩათვლით.