Accentnews.ge
ფაშინიანი 105 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება

ფაშინიანი 105 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება

14/09/2022 15:14:23 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან საზღვრისპირა ბრძოლებში უკვე 105 სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება.

"კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე" - განაცხადა ფაშინიანმა.

მანამდე ტყვებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანს ბოლო ორი დღის განმავლობაში დაღუპული 100 სამხედროს ცხედრები გადასცეს.

13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.

კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.

რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".

დღეს ცნობილი გახდა, რომ ОДКБ-ის სომხეთში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 14 სექტემბერს იწუეყბა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–სპიკერის თქმით, "წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა". ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.

აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, მათ კი „საპასუხო ზომებს მიმართეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S