
ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება აღიარა
14/09/2022 15:31:52 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღიარებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი დაამყარა.
"როცა ვამბობთ, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართ აგრესია განახორციელა, მხედველობაში გვაქვს, რომ მანდ კონტროლი დაამყარა ჩვენს გარკვეულ ტერიტორიაზე. სწორედ ამ მიზეზით მივმართეთ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას მისი წესდების მეოცე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, ორგანიზაციის ერთი წევრის მიმართ აგრესია სხვა წევრების მიმართ აგრესიასაც ნიშნავს. ჩვენ მივმართეთ ამ ორგანიზაციას თანადგომისთვის, მათ შორის - სამხედრო დახმარებისთვის სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ჩვენი ტერიტორიებიდან აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების გასაყვანად. აქ იგულისხმება, მათ შორის, გასული წლის 12 მაისს სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე შემოჭრილი ძალებიც. პოლიტიკურ მიზნად ვაფიქსირებთ იმას, რომ აგრესორმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია დატოვოს და ამაშივეა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისადმი ჩვენი მიმართვის არსიც" - განაცხადა ფაშინიანმა.
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.
რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".
დღეს ცნობილი გახდა, რომ ОДКБ-ის სომხეთში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 14 სექტემბერს იწუეყბა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–სპიკერის თქმით, "წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა". ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.
აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, მათ კი „საპასუხო ზომებს მიმართეს".