14-10-2019 14:40:29 სხვა ,სამართალი
„პირველი არხის“ გადაცემა „ახალ კვირაში“ 15 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა განსაჯაროვდა. ირკვევა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდის ამბროლაურიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანას 9 საათი დასჭირდა, რეანომობილში კი არ აღმოჩნდა, როგორც გამართული სამედიცინო მოწყობილობები, ისე შესაბამისი პროფილის მედპერსონალი.
ლუკას 16 წელი კომაში ყოფნის დროს შეუსრულდა. რამდნიმე დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა. ის რაჭაში დასასვენებლად იყო წასული, რა დროსაც, 20 ივლისს ბეჭის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მასთან მოზარდს კიდურების დაბუჟება აღენიშნებოდა.
პირველ ჯერზე ის ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს და გამომდინარე იქიდან, რომ მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა მართვითი სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ამბროლაურში ვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილსიში გადაყვანა დაიგეგმა. ამისთვის კი ადგილზე რეანომობილი ლენტეხიდან გამოძახეს. პირველადი შეფასებით, ლუკას ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსული ინფექცია დაუდგინდა. რეანომობილი ლენტეხიდან ამბროლაურში სამ საათში ჩავიდა.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ კატასტროფის ბრიგადას არა შესაბამისი პროფილი სპეციალისტი, ანუ რეანიმატოლოგი, არამედ ოჯახის ექიმი ცისმარი ონიანი ხელმძღვანელობდა... და ეს მაშინ, როდესაც საქმე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოზარდს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პაციენტთან რეანომობილში შესაბამისი ცოდნის არმქონე ექიმი აღმოჩნდა, სამედიცინო ბარათში ჩაიწერა, რომ თითქოს კატასტროფის ბრიგადას ხელმძღვანელობდა რეანიმატოლოგი დარეჯან გაზდელიანი და არა ოჯახის ექიმი ცისმარი ონიანი.
რეანიმატოლოგის გარდა კატასტროფის მანქანაში არ აღმოჩნდა გამართული სამედიცინო მოწყობილობებიც. ტრანსპორტირების დროს ჟანგბადის მიწოდების დეფიციტი შეიქმნა სამედიცინო აპარატურის გაუმართაობის გამო. გზაში ლუკა ფოფხაძის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თბილისის ნაცვლად ის ქუთაისის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მოზარდი უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.