
შოლცი: „ჭკუა ვისწავლეთ“
14/09/2022 17:52:21 ევროპა
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროპამ ჭკუა ისწავლა და ახლა ცდილობს, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყარო ჰქონდეს.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება, გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ.
ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ და ახლა ვცდილობთ, რომ გვქონდეს გაზის მომარაგების სხვადასხვა წყარო არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროკავშირში. ამისთვის ვავითარებთ ევროპაში ინფრასტრუქტურას, რომელიც ურთიერთგაცვლას, იმპორტს გახდის შესაძლებელს და ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ეს არის, რაც ჩვენ ვისწავლეთ და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ახლა ვიღებთ. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი გერმანიის საპორტო ქალაქებში. შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება, რათა მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
შოლს ვმადიმირ პუტინთან კომუნიკაციის შესახებაც ჰკითხეს.
„ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან გაიზარდა შეგნება იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. მე ვერ დავინახე, ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და მნიშვნელოვანია, მეთქვა, მე რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა რეგიონში მშვიდობას მიეცეს შანსი. მით უფრო, ყოველდღე ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდეც“, – უპასუხა შოლცმა.