14-09-2022 22:22:54
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ იყო და არ იქნება ხელმოწერილი არავითარი დოკუმენტი.
"ძვირფასო თანამემამულეებო, მოგიწოდებთ, არ წამოეგოთ მანიპულაციებს. არავითარი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია და არც ვაპირებთ გაფორმებას. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელიც არკეთილმოსურნე გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგობის გასატეხად განახორციელეს" - წერს ფაშინიანი "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის: დღეს, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტის წინაშე სიტყვის გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ "თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, მშვიდობისთვის რთული გადაწყვეტილებები მიიღოს".
"გვსურს, ხელი მოვაწეროთ ქაღალდს, რის გამოც გაგვაკრიტიკებენ, დაგვწყევლიან, მოღალატეებად შეგვრაცხავენ, და შესაძლოა, ხალხმა გადაგვაყენოს კიდეც, თუ შედეგად სომხეთის რესპუბლიკა, რომლის ფართობი 29 800 კვადრატული კილომეტრია, მიიღებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ხელს მოვაწერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მაინტერესებს, რა მომელის პირადად მე, მაინტერესებს, რა მოელის სომხეთის რესპუბლიკას" - განაცხადა მაშინ ფაშინიანმა.