
„კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან“
14/10/2019 11:14:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფინანსური დახურვისთვის დრო ხვალ, 15 ოქტომბერს ეწურება. როგორც კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, „კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი კვალიფიციური ინვესტორი“.
„ეს არის ორი კვალიფიციური ინვესტორი. მათ ვინაობას კომპანია დაასახელებს, როცა ამის დრო დადგება. შესაბამისად დაველოდებით ხელისუფლებისგან პასუხს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნეს, თუ კონსორციუმი ხვალ 6 საათამდე არ წარადგენს 400 მილიონის ინვესტიციის დოკუმენტს და არ შეავსებს პირად კაპიტალს, საქმე განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეცემა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.