Accentnews.ge
დონეცკის ოლქში რუსი მედესანტეების ქვედანაყოფი განადგურდა – უკრაინის გენშტაბი

დონეცკის ოლქში რუსი მედესანტეების ქვედანაყოფი განადგურდა – უკრაინის გენშტაბი

15/09/2022 06:01:39 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ დღე–ღამეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 8 სარაკეტო და 19 საავიაციო დარტყმა და 86 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, ქალაქებში: ხარკოვსა და კრივოი როგში და დონეცკის ოლქში.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

ამასთან, როგორც გენშტაბი იუწყება, გასულ 24 საათის განმავლობაში უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 12 დარტყმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კი, ჩამოაგდეს 4 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი.

უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის მედესანტე პარაშუტისტების 137-ე პოლკის ქვედანაყოფის სამხედროებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას, რაც დამატებითი ზომების გარეშე, აღარ მისცემს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას.

გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის არმია დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შესანარჩუნებლად ცდილობს თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და ამ მიზნით იყენებს ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც.

ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის ლოგისტიკის დარღვევს გამო, რუს სამხედროებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და არტილერიისთვის საჭირო, ზოგიერთი სახეობის საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვთ.

უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S