
ჩვენი სამხედროები 5 დღეში 110 კილომეტრით დაწინაურდნენ - ზელენსკი
15/09/2022 07:10:18 ევროპა
უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონში წამოწყებული კონტრშეტევიდან 5 დღის განმავლობაში 110 კილომეტრით დაწინაურდნენ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„დღეს თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია. ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო მოძრაობა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. აქტიური ოპერაციების მხოლოდ პირველ დღეს ჩვენი სამხედროები 19 კილომეტრით დაწინაურდნენ. 5 დღის განმავლობაში ბრძოლით გავიარეთ 110 კმ. მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი და ამ ტერიტორიაზე დარჩენილი 150 000 უკრაინელი ახლა კვლავ გრძნობს, როგორია ნორმალური, უსაფრთხო ცხოვრება“, - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოსტატურად „აქცია ოკუპანტების პანიკა ნამდვილ ისტერიად“:
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაგეგმა და წარმატებით ჩაატარა სამხედრო ოპერაცია ხარკოვის რეგიონის გასათავისუფლებლად. უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთში და ყირიმში! ეს მოხდება! აუცილებლად მოხდება!“.
14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმს ეწვია, სადაც უკრაინის დროშა აღმართეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს.
რუსეთმა ირიბად აღიარა უკან დახევა, თუმცა ამას „გადაჯგუფება“ უწოდა.