კადიროვი რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების "თვითმობილიზაციის" ინიციატივით გამოდის

15-09-2022 14:30:01 მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი რუსეთის ფედერაციაში შემავალი რეგიონების თვითმობილიზაციის ინიციატივით გამოდის.

"არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ლოდინი", – აცხადებს კადიროვი და რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდებს, "დაამტკიცონ მზადყოფნა, დაეხმარონ სახელმწიფოს".

"მიმაჩნია, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია, მოამზადოს და დააკომპლექტოს მინიმუმ, ათასი მოხალისე. ერთი რეგიონისთვის ეს არც ისე დიდი რიცხვია, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც უნდა შეასრულონ დასაწყისისთვის, მაგრამ ეროვნული მასშტაბით, ეს არის შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი 85 ათასი ადამიანისგან შემდგარი, თითქმის არმია! სპეცოპერაციის ამოცანების გადაჭრის საკითხი შესაძლოა, უმოკლეს დროში დაიხუროს", – აცხადებს კადიროვი.

ხარკოვში რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ კადიროვი ირწმუნებოდა, რომ "ჩეჩნეთის ელიტური მებრძოლები, რომლებიც პუტინის დავალებით ისვენებდნენ, ახლა ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდნენ":

"ძვირფასმა ძმამ, რუსეთის გმირმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც სათავეში უდგას ქვედანაყოფებს ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება უკრაინის ტერიტორიაზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. უკრაინელი ფაშისტების მიერ ოკუპირებული მარიუპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ელიტური მებრძოლები უმაღლესი მთავარსარდლის (პუტინის) დავალებით ისვენებდნენ, ახლა კი, წინა ხაზზე დაბრუნდნენ ახალი ძალებით".

11 სექტემბერს კადიროვმა უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის ხარკოვის ოლქიდან რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევის გამო.

უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები. 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები