Accentnews.ge
რას ფიქრობენ უკრაინელები ომის მალე დასრულებისთვის რუსეთთან რაიმე სახის დათმობაზე – გამოკითხვა

რას ფიქრობენ უკრაინელები ომის მალე დასრულებისთვის რუსეთთან რაიმე სახის დათმობაზე – გამოკითხვა

15/09/2022 13:57:00 ევროპა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა (87%) არ არის მზად რაიმე სახის ტერიტორიული დათმობისთვის იმ მიზნით, რომ რუსეთთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

კვლევის ავტორების თქმით, ეს მაჩვენებელი ივლისთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„მხოლოდ 8%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შეიძლება, ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის თქმა (მსგავსი პოზიციის მქონეთა წილი ივლისთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა).უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. აღმოსავლეთის რეგიონებში მცხოვრებთა შორისაც კი, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, 85% დათმობების წინააღმდეგია (მხოლოდ 10%–ია მზად დათმობაზე), ხოლო სამხრეთელებს შორის – 83% (მხოლოდ 10%–ია მზად დათმობისთვის)“– ნათქვამია შეტყობინებაში.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მაის–ივლისის პერიოდში აღმოსავლეთში გამოკითხულთა 68%-დან 77%-მდე იყო რაიმე სახის დათმობის წინააღმდეგი, ხოლო სექტემბერში ეს მაჩვენებელი 85%-მდე გაიზარდა და ამჟამად ”ფაქტობრივად, არავითარი სხვაობა არ არსებობს ამ საკითხში უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებთა შეხედულებებს შორის“.

აღსანიშნავია, რომ იმ რესპონდენტთა შორის, რომლებიც 24 თებერვლამდე ცხოვრობდნენ ტერიტორიებზე, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ ოკუპაციის ქვეშ მოექცნენ (და თითქმის ყველა ასეთი რესპონდენტი გაემგზავრა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე), მხოლოდ 2% არის ტერიტორიული დათმობის მომხრე.

92% მიიჩნევს, რომ არავითარი ტერიტორიული დათმობა არ უნდა დაიშვას. იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის 6% მხარს უჭერს დათმობას, 90% კი წინააღმდეგია – ნათქვამია კვლევაში.კვლევა ჩატარდა 2022 წლის 7-13 სექტემბერს სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით, მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის გზით. გამოიკითხა უკრაინის ყველა რეგიონში (გარდა ანექსირებული ყირიმისა) მცხოვრები 2 000 რესპონდენტი.

აგვისტოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანალიზისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის (CISR) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 98% დარწმუნებულია ომში გამარჯვებაში.

12 სექტემბერს CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები ამჟამად შეუძლებელია და რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება შეიძლება დაიდოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარები სრულად გავლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S