
გომელაური: "ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, გოგაშვილი იტყუება"
15/09/2022 14:31:02 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დავალებით 2016 წელს ვლადიკავკაზში სუს-ის დელეგაცია ჩავიდა.
„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, 5-6 ვიზიტი მაქვს. ჩავდიოდით ჩვენ ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს. იყო ასი წლისთავი, როდესაც მინსკში ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, გერმანელებიც. შეხვედრა პირისპირ არასდროს არ ყოფილა და ვერ დაიდება ვერასდროს. ხელმძღვანელობა რუსეთის როგორ არ იყო მინსკში, მიულოცეს ბელარუსის მთავრობას. [...] რაც მოჰყვა ბატონმა გოგაშვილმა, [ძალიან სამწუხაროა, ახლა, რასაც აკეთებს და რასაც იგონებს], ის რომ ვითომ ჩავიდა, თავის მძღოლთან ერთად ჩამოიყვანა და ცხვარი დავკალით, საგურამში ვიქეიფეთ თუ რაღაც, აბსურდია, რა თქმა უნდა, იტყუება. მე რესტორანი არ მქონია არასდროს და არც ახლა მაქვს”, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, იგი მინსკში ერთ სივრცეში კი ყოფილა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბორტნიკოვთან ერთად, მაგრამ მას პირისპირ არ შეხვედრია.
იგი ასევე ამბობს, რომ, თუკი პარლამენტში ამ საკითხზე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რასაც დეპუტატების ნაწილი მოითხოვს, იგი მივა და ყველა კითხვას უპასუხებს.