
ლუგანსკის ე.წ. პროკურორი კაბინეტში ააფეთქეს
16/09/2022 10:01:44 ევროპა
რუსეთის დროებით ოკუპირებულ რეგიონში – ლუგანსკში, პროკურატურის შენობაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია და ტელეგრამ–არხები იუწყებიან.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აფეთქება შენობის მესამე სართულზე მოხდა.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მათი რაოდენობა არ სახელდება.
Донбасс.Реалии ირწმუნება, რომ აფეთქება „რესპუბლიკის“ ე.წ. პროკურორის სერგეი გორენკოს კაბინეტში მოხდა. როგორც რუსი სამხედრო კორესპონდენტების ტელეგრ–არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ის დაიღუპა .
ლუგანსკი, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ, შორს არის ფრონტის ხაზისგან.