
ხერსონის ცენტრში, სადაც სავარაუდოდ, ოკუპანტების თათბირი მიმდინარეობდა, მასიური აფეთქებები იყო
16/09/2022 10:17:15 ევროპა
დროებით ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციული შენობების მიდამოში ძლიერი აფეთქებები იყო,– იუწყება უკრაინული გამოცემა საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
ამ მონაცემების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შენობის თავზე კვამლის სვეტი მოჩანდა და ისმოდა აფეთქების ხმები.
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიარესურსმა გამოაქვეყნა აფეთქებების შედეგების ამსახველი ვიდეო.
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი სერგეი ხლანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „შეფრინდა“ სასამართლოს შენობაში, სადაც განთავსებული იყო ოკუპანტების ე.წ. მთავრობა და მოღალატეების სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია“.
ხერსონის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აფეთქებები საოკუპაციო ხელისუფლების თათბირის დროს მოხდა. მათ ამ განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.