„რუსეთმა დააგვიანა“: უშველით ოკუპანტებს კადიროვის იდეა?

16-09-2022 15:30:10 ანალიზი

„შიდა მობილიზაციის“ შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მიერ გაჟღერებულ იდეას რუსეთის ოთხი გუბერნატორი შეუერთდა. კერძოდ, შეთავაზება გაიზიარეს მაგადანის ოლქის გუბერნატორი სერგეი ნოსოვმა, ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა, კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა და მარი ელის ხელმძღვანელმა იური ზაიცევმა. ეს უკანასკნელი რეგიონიდან უკრაინაში 250 მოხალისეს გაგზავნას დაჰპირდა.

ნოსოვი გამოვიდა შეთავაზებით, რეგიონებს შორის თანამშრომლობის არხი შეიქმნას იმისდა მიხედვით, თუ რა რესურსები აქვთ.

ერთი დღით ადრე კადიროვი რუსეთის ფედერაციაში შემავალი რეგიონების თვითმობილიზაციის ინიციატივით გამოვიდა. მანამდე კი უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის ხარკოვის ოლქიდან რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევის გამო.

"არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ლოდინი", – განაცხადა კადიროვმა და რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდა, "დაამტკიცონ მზადყოფნა, დაეხმარონ სახელმწიფოს".

"მიმაჩნია, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია, მოამზადოს და დააკომპლექტოს მინიმუმ, ათასი მოხალისე. ერთი რეგიონისთვის ეს არც ისე დიდი რიცხვია, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც უნდა შეასრულონ დასაწყისისთვის, მაგრამ ეროვნული მასშტაბით, ეს არის შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი 85 ათასი ადამიანისგან შემდგარი, თითქმის არმია! სპეცოპერაციის ამოცანების გადაჭრის საკითხი შესაძლოა, უმოკლეს დროში დაიხუროს", – აცხადებს კადიროვი.

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის და ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ აძლიერებს რუსეთის ხელისუფლება ფარულ მობილიზაციას და უკრაინის ომისთვის რეკრუტირებას.

ISW-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში, გაუჭირდებათ თავდაცვის ხაზების შენარჩუნება, თუ უკრაინული ძალები განაგრძობენ უფრო აღმოსავლეთისკენ სწრაფვას.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის გაძლიერების რესურსს ვერ ხედავს:

„ადამიანური რესურსით გაძლიერების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მობილიზაციაც რომ გამოაცხადონ. იყო საუბარი, 150 000–ის მობილიზებაზე. ამ 150 000 კაცს მომზადება უნდა, მომზადებას კი მინიმუმ, 20 000 ოფიცერი სჭირდება – ეს იმხელა რესურსია... თუ სახორცე მასალად შემოყრას უპირებენ, ეგ სხვაა, მაგრამ მომზადებული ცოცხალი ძალის რესურსი რუსეთს ამ დროისთვის არ აქვს“,– განმარტა საკუთარი პოზიცია ნადირაძემ.

ანალოგიური ხედვა აქვს უკრაინელ მებრძოლს, ომში გამოცდილ სამხედროს ალექსანდრე პროსკურინსაც:

„ცხადია, არ მინდა, ისინი არასათანადოდ შევაფასო. ზოგადად, თუ ომის პირველ პერიოდს შევადარებთ, მათ განვითარება დაიწყეს – არტილერიასთან უფრო მეთოდურად და ზუსტად იწყებენ მუშაობას, მაგრამ ხალხი არ ჰყოფნით. იზიუმის მიმართულებით რუსი ტყვე გვყავდა – არ უმსახურია, კონტრაქტი გააფორმა, რათა კრედიტი დაეფარა. ჯავშანტრანსპორტიორის მძღოლობა სურდა, ჰუმანიტარული დახმარება რომ გადაეტანა, თუმცა ტანკის მძღოლად დანიშნეს. ისინი ნარო-ფომინსკში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ ტრენაჟორებზე დღეში ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ 20 წუთის განმავლობაში ატარებდნენ ტანკებს ორიოდე დღე, იქიდან - უკრაინაში გამოუშვეს ბელგოროდის გავლით. ამდენად, როგორც არ უნდა იყოს, მათ ხალხი ეღუპებათ და გამოუცდელი ადამიანები მოდიან. ასეთი ბრიგადების ხარისხი მინინალურზე დაბლაა“.

საერთაშორისო მოძრაობის #LiberateCrimea კოორდინატორი, ესტონელი უფლებადამცველი ოლივერ ლუდე თვლის, რომ რუსეთს უკვე დააგვიანდა და მობილიზაცია ვეღარ იხსნის უკრაინასთან ომში მარცხისგან:

„მათ მსგავსი თეორიული შესაძლებლობა ჰქონდათ მაშინ, როდესაც რუსეთს გარკვეული ტაქტიკური წარმატებები ჰქონდა. მაგრამ ახლა, როდესაც რუსი აგრესორის სრული მარცხი არც ისე შორსაა, საყოველთაო მობილიზაცია შესაძლოა, თავად პუტინის რეჟიმისთვის აღმოჩნდეს საფრთხე. ეს მათთვის ძალიან სარისკოა. არ არის ფაქტი, რომ ეს დამატებითი სახორცე მასალა უკეთ იბრძვის, ვიდრე ისინი, ვინც ამ დღეებში გარბოდნენ ხარკოვის რეგიონიდან.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება უკრაინის ტერიტორიის სრული განთავისუფლებით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს შეიძლება, მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე ბევრი ფიქრობს. მაგალითად, წამყვანი ესტონელი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც ადრე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამ მხრივ, უკვე სერიოზულად საუბრობენ ამ წლის ბოლოსთვის უკრაინის გათავისუფლებაზე“,– ამბობს უფლებადამცველი და იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოს ესტუმრება თავისუფალ ყირიმსაც.

ყირიმს მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილის ილმი უმეროვის შეფასებით, რუსულმა არმიამ საკუთარი შესაძლებლობები უკვე აჩვენა:

"აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს „მეორე არმია“ რეალურად არც მეხუთე და არც მეოცეა. შემდეგი საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა პუტინს რამდენიმედღიანი ომი და ამ ომში გამარჯვება, მაგრამ გავიდა დღეები, ბომბებმა და რაკეტებმა გაანადგურეს რაიონული ცენტრები, დასახლებები. მოროდიორობდნენ სამხედროები, დასცინოდნენ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ. გამოდის, რომ მათ მხოლოდ ეს შეუძლიათ, გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. კონტრშეტევის შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინას არ წაუგია, ხოლო რუსეთს არ მოუგია – რუსი ოფიცრები გარბიან. დიდი ომის ეს ნაწილი უკრაინამ მოიგო!“.

ის დარწმუნებულია, რომ ახლა საყოველთაო მობილიზაციაც ვერ დაეხმარება რუსეთს ომში გამარჯვებაში:

„21–ე საუკუნეა, ძველი ომედის დრო დასრულდა. ამიტომ, დამარტებითი მობილიზაცია შედეგს ვერ მოიტანს. წინ ახალი ტექნოლოგიების ომია. დიდი რაოდენობით თანამედროვე ტიპის იარაღის გადაცემამ, რომელსაც ძალუძს, შეტევა შორი მანძილიდან მაღალი სიზუსტით განახორციელოს, მნიშვნელოვნად გააძლიერა უკრაინის არმია. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო უკრაინას უჭერს მხარს, რუსეთი კი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მტრის დამარცხების რეალური შესაძლებლობა არსებობს. სანქციებიც უნდა გაფართოვდეს. სიტუაციას რომ ვაკვირდები, ზუსტად ვიცი, რომ მოსკოვი ომის პრობლემას გენერალური მობილიზაციით ვერ გადაჭრის – მხოლოდ გაზრდის რუსული არმიის დანაკარგებს. უკრაინელი ხალხის უპრეცედენტო ერთობა არმიის ირგვლივ, პლუს პარტნიორებისგან მიღებული უკეთესი იარაღი, აუცილებლად უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას ამ რვაწლიან ომში. ვფიქრობ, კრემლი უკვე უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს ამას. დამარცხება გამოიწვევს რუსეთის რეგიონებში შიდა უკმაყოფილების გაძლიერებას და ახლანდელი რუსეთის ნაცვლად რამდენიმე ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები