
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 421 დასახლება გაათავისუფლეს - უკრაინის პრეზიდენტის აპარატი
16/09/2022 15:38:35 ევროპა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში 421 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსული ჯარისგან, განაცხადა 16 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ.
„ჩვენ მუდმივად ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მიუხედავად დაბომბვისა. ბალაკლეას თემმა უკვე მიიღო 100 ტონაზე მეტი პროდუქცია. იქ მალე გენერატორები, სამშენებლო მასალები, მედიკამენტები და სხვა დახმარება გაიგზავნება“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
მისი თქმით, ჩკალოვის, ბალაკლეასა და შევჩენკოს თემის პენსიონერები უკვე იღებენ პენსიებს და მიმდინარეობს მუშაობა დეოკუპირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.
„ტერიტორიის განაღმვაზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები“ – განაცხადა ტიმოშენკომ და დასძინა, რომ „ერთ კვირაში 24 ჰექტარზე მეტი ტერიტორია და თითქმის ათასი ფეთქებადი ობიექტი გაიწმინდა“.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის თითქმის სრული ტერიტორია გაწმინდეს და მიაღწიეს რუსეთის საზღვარს.