"საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება!": როგორ ხედავენ სომხეთში რუსეთისგან თავის დაღწევის გზებს

16-09-2022 23:27:27 კავკასია ,ინტერვიუ

„აქცენტის“ ინტერვიუ სომეხ პოლიტოლოგ სტეფან გრიგორიანთან.

– ბატონო სტეფან, როგორც თქვენს ერთ–ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში აღნიშნეთ, სომხეთი მარტო აღმოჩნდა ამ რთულ ვითარებაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მანევრირებისთვის არც ისე დიდი სივრცე აქვს: ერთი მხრივ, მან უნდა მიაღწიოს მშვიდობას, მეორე მხრივ – ქვეყანაში მღელვარებაა. ეს დილემაა. ამ კონტექსტში რა პრაგმატული არჩევანი აქვს პრემიერს?

– მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია, რომელიც მიმდინარე წლის 13-14 სექტემბერს განხორციელდა, მიმართული იყო სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. ანუ აზერბაიჯანი აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს სომხეთის ტერიტორიაზე, რითაც არღვევს გაერო–ს პრინციპებს. ამ ფაქტს ადასტურებს აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ინდოეთის, ირლანდიისა და სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. მეჩვენება, რომ ყველა ეს აგრესიული ქმედება კოორდინირებულია რუსეთთან და მთავარი მიზანი სომხური სახელმწიფოებრიობის ნგრევაა. ამ საკითხში აზერბაიჯანსა და რუსეთს ძალიან ახლო მიზნები აქვთ და სურთ, სომხეთი ირანს და საქართველოს მოწყვიტონ. ფაქტობრივად, სომხეთს აიძულებენ, უარი თქვას, ქვეყნის ირანთან და საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების კონტროლზე. და ეს ყველაფერი იმგვარადაა წარმოდგენილი, თითქოს საჭიროა, სასწრაფოდ მოხდეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაცია. სომხეთის ლიდერებთან ჩემი შეხვედრები ადასტურებს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ვფიქრობ, აუცილებელია, სასწრაფოდ დატოვოს ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, რომელიც მოიაზრებს კოლექტიურ თავდაცვასაც – რედ.]. ამ ორგანიზაციამ არც კი დაგმო აზერბაიჯანი სომხეთის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის. რას მოგვცემს ОДКБ–დან გამოსვლა? ეს მოგვცემს შანსს, სამხედრო და დიპლომატიური დახმარება მივიღოთ აშშ-დან, საფრანგეთიდან და კანადიდან. ამ ქვეყნებმა დაგმეს აზერბაიჯანის აგრესია გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართა. და ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ. უნდა გვესმოდეს, რომ სომხეთი განვითარების დემოკრატიულ გზას მიჰყვება და მისი ადგილი არ არის ორგანიზაციაში, სადაც პატივს არ სცემენ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი დიპლომატია, რადგან მსოფლიოს საკმაოდ ცუდი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

– ხალხს როგორ ესმის ეს არჩევანი?

– ახლა ძალიან ხმამაღლა ისმის ხმები რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარის თქმისა და ქვეყნის ОДКБ–დან გასვლის (ან წევრობის შეჩერების) შესახებ. მართლაც, დღეს რუსეთი ისე ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს სომხეთსა და მთიან ყარაბაღზე თავდასხმებში, რომ სხვა გზა არ გვაქვს. უკვე მრავალი წელია, ვამბობ, რომ რაღაც მომენტში რუსეთი შესაძლოა, გადაიხაროს თურქეთისა და აზერბაიჯანისკენ, ამიტომ, სერიოზული შეცდომა იყო ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და ენერგეტიკის ექსკლუზიურად რუსეთთან დაკავშირება. ამიტომაც დავრჩით ახლა უსაფრთხოების სისტემის გარეშე და გარდა ამისა, რუსეთი უარს ამბობს იარაღის მოცემაზე. მაგრამ, დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა სომხეთის პოლიტიკური ძალებია, რომელთა უმეტესობასაც ქვეყნის მომავალი რუსეთს მიღმა ვერ წარმოუდგენია. აღარ ვსაუბრობ სახელმწიფო სისტემაში და ქვეყნის პოლიტიკურ ველზე გავლენის აგენტებზე.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ახსენეთ, სომხეთმა „სხვა მოთამაშეებთან უნდა დაიწყოს მუშაობაო“. ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, მაგრა რა შესაძლებლობებია ამ მიმართულებით და ამ კუთხით საზოგადოების განწყობა როგორია?

– ჩვენი მთავარი პარტნიორები უნდა გახდნენ აშშ, საფრანგეთი, კანადა, ევროკავშირი და იაპონია. რა თქმა უნდა, მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ეს სტრატეგიულ დონეზე უნდა ავიყვანოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სომხეთთან ინტენსიური თანამშრომლობის გენერატორები შეიძლება, იყვნენ, მაგალითად, გერმანია, ლიეტუვა, საბერძნეთი და ჰოლანდია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძლება, ინდოეთი გახდეს. ბევრ საკითხში ჩვენი პოზიციები ახლოსაა ირანის პოზიციებთან (მაგალითად, ეს ეხება სომხეთ-ირანის საერთო საზღვრის ხელშეუხებლობას). რა თქმა უნდა, НАТО–სთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა გვჭირდება, თუმცა აქ შესაძლოა, თურქეთმა დაბლოკოს პროცესი. სხვადასხვა წლებში ტარდებოდა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევები და უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ ინტერესი ხშირად 40-50%-ს აჭარბებდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური ელიტის ხარისხი და, რა თქმა უნდა, რუსეთზე ძლიერი დამოკიდებულება, თითქმის ყველა სფეროში.

– ერევანში განაცხადეს, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მიიღწა საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ცოტა რამ ვიცით ამ შეთანხმების შესახებ. შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ – ვინ იყო ჩართული? რა პირობებზეა საუბარი? ვიცით, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ესაუბრა მხარეებს. აქ გადამწყვეტი იყო მისი როლი, თუ რუსეთმა „იმუშავა“?

– ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა დიდი როლი ითამაშა. მათ დიპლომატიური გავლენის გამოყენებით შეაჩერეს სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში აზერბაიჯანის სამხედროების წინსვლა. ამასთან, როგორც დიპლომატიური წყაროებიდანაა ცნობილი, მოწინააღმდეგე მხარე შეაშფოთა სომეხი მებრძოლების მიერ ქალაქ ჯერმუქის მისადგომების გმირულად დაცვამ. ამან შეაჩერა მტერი, რადგან სერიოზულ დანაკარგებს მიიღებდა.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვევა ხვალ სომხეთს. როგორ აფასებთ ამ განზრახვას მოცემულ ვითარებაში?

– დიახ, ნენსი პელოსი უახლოეს საათებში სომხეთში ჩამოსვლას გეგმავს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მით უმეტეს, რომ ნენსი პელოსი ერევანში კიევიდან ჩამოვა. ანუ ის სტუმრობს იმ ხალხებს, რომლებიც ექვემდებარებიან აგრესიას თავიანთ ქვეყნებში დემოკრატიის აშენების სურვილის გამო. ეს არის სომხეთის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც სომხეთს ეწვება. დაგეგმილია შეხვედრა სომეხ ექსპერტებთან, რომელზეც მეც გახლავართ მიწვეული.

– როგორ ფიქრობთ, რჩება ადგილი მოლაპარაკებებისთვის? მოვლენათა რა სცენარით განვითარებას ელით?

– მოგეხსენებათ, სადღეისოდ მოლაპარაკების ორი ფორმატი არსებობს: ვლადიმირ პუტინ – ნიკოლ ფაშინიან – ილჰამ ალიევის და შარლ მიშელ – ნიკოლ ფაშინიან – ილჰამ ალიევის. მოლაპარაკების პროცესი ორივე ფორმატში რთულია და მოიცავს სამ ძირითად თემას:

  • სამშვიდობო ხელშეკრულების პრინციპების მომზადება
  • სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია
  • საკომუნიკაციო გზების განბლოკვა

აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ სომხურ მხარეს პროტესტი ან კონტრწინადადებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე, აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებით პასუხობს, როგორც მთიანი ყარაბაღის სომხების (მაგალითად, მიმდინარე წლის მარტში და აგვისტოში), ასევე თავად სომხეთის წინააღმდეგ.

– თბილისის როლს როგორ ხედავთ ამ პროცესში?

– როგორც ცნობილია, საქართველო იყო ინიციატორი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრებისა როგორც ოფიციალურ, ისე სამოქალაქო დონეზე და ამისთვის თავისი ტერიტორია შესთავაზა. ამგვარად, რამდენიმე კვირის წინ თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. და ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა. მაგრამ, როგორც ყველას გვესმის, დღევანდელი რუსეთი არ არის დაინტერესებული სომხურ-აზერბაიჯანული პრობლემების მოგვარებით. მისთვის ეს სამხრეთ კავკასიაზე გავლენის ბერკეტია. ვფიქრობ, აშშ და საფრანგეთი შეიძლება, გახდნენ აზერბაიჯანის აგრესიული ქცევის მთავარი შემაკავებელი ძალები. ანუ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ძალები.

– და ბოლოს. მკაფიოდ ვხედავთ, რომ რუსეთი არ არის რეგიონში მშვიდობისმყოფელი ძალა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სომხეთი მნიშვნელოვნად არის მასზე დამოკიდებული. ხედავთ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გზებს? ამას კრემლი დაუშვებს?

რა თქმა უნდა, ყველა ამ პრობლემის გაცნობიერებით, სომხეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო დროს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკისკენ დაიწყო სვლა.სომხეთმა სერიოზული შეთანხმებები გააფორმა აშშ-სთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ლიეტუვასთან, ჰოლანდიასთან, ინდოეთთან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან.ეს ხელშეკრულებები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის – თავდაცვის, უსაფრთხოებისა და შეიარაღების ჩათვლით. თუმცაღა ამ სამუშაომ ნაყოფი შესაძლოა, მხოლოდ 3-5 წელიწადში გამოიღოს, ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს კი დაცვა ახლა სჭირდება. ამიტომ საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება: ОДКБ–დან გამოსვლა, სომხეთის სტრატეგიულ მიზნად ევროინტეგრაციის გამოცხადება, არმიის NATO–ს სტანდარტებით გადაიარაღება და ა.შ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები