
აზერბაიჯანმა სომხეთს 32 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადასცა
18/09/2022 07:24:17 კავკასია
ბაქომ ერევანს 12-14 სექტემბერს საზღვარზე მომხდარი შეტაკების დროს დაღუპული 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლების საკითხების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს.
„ვაცხადებთ, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე ნაპოვნი 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გამოკვლეულ იქნა აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად და მათზე ძალადობის ნიშნები არ გამოავლინა. 17 სექტემბერს ეს ცხედრები მოპირდაპირე მხარეს გადაეცა. ამჟამად სომეხი სამხედროების სხვა ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ და ისინი უახლოეს მომავალში იქნებიან გადაცემულნი“, – აცხადებენ კომისიაში.
ცხედრების გადაცემის ფაქტი, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
ამ დროისთვის სომხურმა მხარემ შეტაკებების დროს 135 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დაადასტურა, ხოლო აზერბაიჯანმა - დაახლოებით 79-ის.