
გენერალი მილი: "ომი რუსეთისთვის კარგად არ მიდის"
19/09/2022 06:05:27 ევროპა
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის მარკ მილის შეფასებით, დღეს ომი რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამერიკელმა გენერალმა, რომელიც 18 სექტემბერს, პოლონეთში გაეცნო ნატოს სამხედრო ბაზის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მუშაობას, განაცხადა, რომ გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინაში ბოლო წარუმატებლობაზე, ამიტომ, განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო.
მარკ მილის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, რომ ევროპაში ამერიკელი სამხედროები რაიმე გაზრდილი საფრთხის წინაშე არიან, მაგრამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რადგან ომის დროს, არავინ იცის, რა შეიძლება, მოხდეს.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველ რიცხვებში წამოიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში და რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლა მათ შორის იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი.