
პელოსი: "ჩვენ სომხეთის მეგობრები ვართ“
19/09/2022 06:16:15 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სომხეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს, - ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პელოსიმ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში მყოფი აშშ-ის დელეგაციის წევრები სომხეთის მეგობრები და მხარდამჭერები არიან.
„სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი ხელისუფლების პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებში და სხვა გარემოებებში“, - აღნიშნა პელოსიმ.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ვიზიტისთვის და სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას აზერბაიჯანის აგრესიის მიმართ სომხეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. ამ მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.