Accentnews.ge
ახრა ავიძბა ასლან ბჟანიას ემუქრება

ახრა ავიძბა ასლან ბჟანიას ემუქრება

19/09/2022 06:22:25 კონფლიქტები, პოლიტიკა

„პიატნაშკას“ ბატალიონის მეთაურის ახრა ავიძბას განცხადებით, ის რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან არ გაუშვეს.

ავიძბამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მოსკოვისკენ მიემართებოდა, მაგრამ ვერ გადალახა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ საზღვარი.

ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ФСБ-ის ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ დაწესებული შეზღუდვის ინიციატორი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, რომელსაც ის "დროებით პრეზიდენტს“ უწოდებს .

„აფხაზეთში მაინც ჩავალ, ტყუილად იქცევით ასე და ტყუილად არ გეშინიათ. მოიცადეთ," - მიმართა ავიძბამ ბჟანიას.

ინფორმაციისთვის:

ახრა ავიძბა თავის დროზე უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, სადაც ავიძბა (საბრძოლო სახელი „აფხაზი“) 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. მან 2015 წელს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდებაც მიიღო.

ბოლო დრომდე ის უმთავრესად რუსეთში ცხოვრობდა, სადაც საკუთარი ბიზნესმებიც აქვს. "აქცენტის" მკითხველს შესაძლოა, ახსოვს 2021 წლის ინციდენტი, რომლის დროსაც იმხანად ჯერ კიდევ "პრეზიდენტის თანაშემწე" ავიძბა ფსოუზე რუსი მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ჯიპით სასაზღვრო ზღუდე გაანგრია და რუსეთიდან აფხაზეთში ამ გზით შევიდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული იმის გამო, რომ გადასახადების სახით დიდი დავალიანება ჰქონდა დაგროვებული. მოგვიანებით ავიძბამ დავალიანება დაფარა, თუმცა რუსულმა მხარემ ციხეში 10 დღით მაინც ჩასვა.

ახრა ავიძბა, რომლის ძმა - "კრიმინალური ავტორიტეტი" ასიკი სოხუმის სანაპიროზე მომხდარი გახმაურებული ინციდენტის დროს მოკლეს, ამ ამბის შემდეგ რაულ ხაჯიმბას "ხელისუფლებას" დაუპირისპირდა და აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

"ხელისუფლების" შეცვლის შემდეგ, 2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის - ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა "საერთაშორისო საკითხებში". იმავე წლის 9 ნოემბერს კი მან ეს თანამდებობა „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" მოტივით დატოვა და ახლა უკვე ბჟანიას ოპოზიციაში გადავიდა.

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში, ყარაბაღის მეორე ომის დროს სოჭში (რუსეთი) მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ "მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა". მაშინ სოცქსელში გავრცელდა ომში მიმავალ მებრძოლებთან მისი ერთობლივი ფოტოც.

2021 წლის იანვრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა ედება ბრალად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S