
„რუსეთი მსოფლიოს უქმნის საფრთხეს“: უკრაინა ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება
19/09/2022 08:46:02 ევროპა
რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ნიკოლაევის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში მდებარე ატომური ელექტროსადგურის რაიონზე,– იუწყება უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“.
უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველი კომპანიის ინფორმაციით, შეტევა წუხელ განხორციელდა სადგურის სამრეწველო ზონაში. "ენერგოატომის" თანახმად, რუსული რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან სამას მეტრში ჩამოვარდა და აფეთქების ტალღამ დააზიანა სადგურის შენობა, სადაც ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა. სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. "ენერგოატომის" ცნობით, ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.
უკრაინის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები მთელ მსოფლიოს ემუქრება და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ შეჩერება, რათა არ დაუშვან ახალი კატასტროფა.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს ბირთვული ობიექტების დაბომბვით და რომ ეს უნდა შეწყდეს.
„ნიკოლაევის რეგიონი. ღამით რაკეტა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურიდან 300 მეტრში დაეცა. ელექტროენერგიის ხანმოკლე გათიშვა მოხდა. ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შენობები დაზიანდა. დამპყრობლებს ისევ სურდათ სროლა, მაგრამ დაავიწყდათ რა არის ატომური ელექტროსადგური. რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის, ვიდრე გვიან არ იქნება “, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე 19 სექტემბერს.