
ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუს ტურისტებს საზღვრები ჩაუკეტეს
19/09/2022 09:59:11 ევროპა
ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში დღეიდან ძალაში შევიდა რუსეთის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა შენგენის ტურისტული ვიზებით. ხოლო ფინეთმა, რომელმაც არ გაიზიარა მსგავსი აკრძალვა, საგრძნობლად შეამცირა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა.
ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა სექტემბრის დასაწყისში მიიღეს. გამონაკლისები დაიშვება იმათთვის, ვინც ოჯახური და ჰუმანიტარული გარემოებების გამო მგზავრობს. ადრე იგივე ქვეყნები ევროკავშირისგან ითხოვდნენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად აკრძალულიყო ვიზების გაცემა უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. ასეთი აკრძალვა არ იქნა შემოღებული, მაგრამ ევროპის კავშირმა რუსეთს შეუჩერა გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ გაძვირდება ვიზები და გაიზრდება მათი გაცემის ვადები.
ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ცხოვრების უფლების მქონეებზე ახალი შეზღუდვები არ მოქმედებს. მაგრამ გასულ კვირაში ლატვიის სეიმმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის ცხოვრების უფლების მინიჭების გამკაცრების შესახებ.
გარდა ამისა, ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის მხოლოდ საგარეო საზღვრებზე. ეს ნიშნავს, რომ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებიდან ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში შესვლა შესაძლებელი იქნება.