
თავდაცვის ბიუჯეტი 80 მილიონით იზრდება, აქედან შეიარაღებაზე 20 მილიონი დაიხარჯება
19/09/2022 13:44:26 თავდაცვა
2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც 20 მილიონი შეიარაღებაზე დაიხარჯება,– ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
კომიტეტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ უშუალოდ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული უმძიმესი მოცემულობის გათვალისწინებით, რა დროსაც საქართველოსთვისაც იზრდება გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე უნდა იზრუნოს. და ნაცვლად ამისა, პრიორიტეტების იმგვარად დალაგება, როდესაც 150 მილიონი ლარია გამოყოფილი სოფლის მეურნეობაზე, ხოლო 80 მილიონი – თავდაცვაზე, ტოვებს განცდას, რომ „უბრალოდ ვერ ვხვდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო“. ჩვენს გარშემო კი მოცემულობა, ელისაშვილის ხედვით, ამგვარია:
„ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყანა ბრძოლაშია ჩაბმული: ორი მეზობელი ერთმანეთს ესვრის, რუსეთი უკრაინაში იბრძვის, თურქეთი სირიაში და ა.შ.20 მილიონი ლარი არის 7 მილიონი დოლარი! რა უნდა ვიყიდოთ – ერთი ცალი თოფი თუ ჯაყვა-დანა?! უხერხულია! ან გვითხარით, ვინმე თუ ისეთი იცავს ამ ქვეყანას – წმინდანი – საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. თუ სახელმწიფო ვართ, პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ! რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობას სჭირდება დაფინანსება, მაგრამ ამ რეალობაში 7 მილიონი დოლარის იარაღი უნდა ვიყიდოთ?!“.
საპასუხოდ გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმ შეიარაღებისთვის, რომლის შეძენაც იგეგმება:
„ავიაცია და შეიარაღება არ არის მშენებლობასავით, რომ ეტაპობრივად გადაირიცხოს თანხები – აქ შეიძლება, მთლიანად გადაირიცხოს თანხა. ჯამში შეიარაღების ნაწილში დაგეგმილი 148 მილიონიდან პირველ 6 თვეში 113 მილიონი ლარია ათვისებული, რაც საკმაოდ კარგი ათვისებაა, შესაბამისად, მოხდება დამატებით 20 მლნ-ის დამატება შეიარაღებაზე. მხოლოდ 7 მილიონი დოლარისას არ ვყიდულობთ – თავდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, რომ რამდენიმეწლიან პროცესში ახორციელებს შესყიდვებს. ახალ შეიარაღებაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ეს თანხა არის ნაწილი იმისა, რაც შეიარაღებაზე უნდა დაიხარჯოს“.