
აფხაზეთში რუსი ტურისტების მიერ ქურდობის შესახებ საჩივრები გახშირდა
19/09/2022 14:25:55 კონფლიქტები
აფხაზეთში რუსი დამსვენებლების მხრიდან ქურდობას, საკუთრების დაზიანებასა და ზოგადად "შეუსაბამო ქცევას" უჩივიან. ეს ჩივილები აფხაზმა მესაკუთრეებმა Лента.ру-სთან საუბარში გამოთქვეს.
"შეხედავ - თითქოს ნორმალური ადამიანები არიან, დასვენების პროცესში კი სისტემატიურად გვპარავენ საკიდებს, სამზარეულოს ინვენტარს, თეფშებისა და კოვზების ჩათვლით. სასტუმროში აღარაფერს ვტოვებ, იძულებული ვარ, ყოველ დღე თან ვატარო. ამასწინათ ერთმა ტელევიზორის პულტიც მოგვპარა - მაინტერესებს, რაში უნდა გამოიყენოს" - აცხადებს ადგილობრივი ზოია, რომელმაც რუსი დამსვენებლები თავის საოჯახო სასტუმროში შეუშვა.
აღშფოთებულია რუსი ტურისტების ქცევით ბიჭვინთის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეც: "თუ რამე სჭირდებათ, ხომ შეიძლება, გვითხრან? ქურდობა რა საჭიოა?! იპარავენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ, ერთმანეთსაც კი პარავენ პირსახოცებს, წინდებს და ა.შ.".
გარდა ამისა, აფხაზი მეპატრონეები მათი საკუთრების დაზიანების შემთხვევებსაც უჩივიან: "მუდმივად გვიწევს რაღაცის შეკეთება - სანტექნიკის, ავეჯის... ამასწინათ უნიტაზი დაამტვრიეს და ირწმუნებიდნენ, ასე დაგვხვდაო... თუ ასე დახვდათ ერთი კვირა მისით როგორ სარგებლობდნენ?!".
ამასთანავე აფხაზი მეპატრონეები რუსი დამსვენებლების მიერ მათი შვილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ იყო უკვე რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოჯახები რუსეთში ბრუნდებოდნენ და ბავშვები აფხაზეთში რჩებოდათ.
ადგილობრივთა აღშფოთებას იწვევს ასევე რუსი დამსვენებელი ქალების "მეტისმეტად თავისუფალი ისერი და ქცევა", - წერს Лента.ру.