
ბლინკენი: "პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც და პრეზიდენტმა ალიევმაც მითხრეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის"
20/09/2022 06:15:30 კავკასია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა საბრძოლო მოქმედებების განახლების თავიდან აცილებისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის აუცილებლობას და მხარეებს მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრისკენ მოუწოდა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამოთქვეს მშვიდობის სურვილი.
„ორივემ, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც და პრეზიდენტმა ალიევმაც მითხრეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებების გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ არის გზა მყარი მშვიდობისკენ, რომელიც უთანხმოებებს დიპლომატიური გზით აგვარებს. აშშ მზად არის, გააკეთოს, რაც შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად და მე მადლობელი ვარ ორივე კოლეგის, რომ იმყოფებიან დღეს აქ, ამ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.
ნიუ იორკში გამართულ შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
შეგახსენებთ, რომ 13–14 სექტემბერს სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირება იყო. აზერბაიჯანმა მძიმე ალტირელიის გამოყენებით დაბომბა სომხეთის სასაზღვრო სოფლები. მხარეები პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწა და როგორც ერევანში განაცხადეს, შეთანხმებაში მნიშვნელოვანი როლი აშშ–მა ითამაშა – ბლინკენს ორი მხარესთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია.