Accentnews.ge
„ეს ჩვენ განვახორციელეთ“: გოგაშვილი ყოფილი მოსამართლის ნაამბობს ადასტურებს

„ეს ჩვენ განვახორციელეთ“: გოგაშვილი ყოფილი მოსამართლის ნაამბობს ადასტურებს

20/09/2022 07:31:55 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს ადასტურებს.

„ეს განვახორციელეთ ჩვენ – სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ“, - ამბობს გოგაშვილი.

როგორც გოგაშვილი ირწმუნება, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს, მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, საქმეში „მძიმე არტილერია“ ჩაერთო:

„ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუს-ში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) - მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას“, - წერს გოგაშვილი.

***

ბესარიონ ალავიძე 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. მან მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას.

როგორც ალავიძემ განაცხადა, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო და რომ ასეთ ჩარევებს არ აქვს "აკადემიური ხასიათი", არამედ ხდება "ქუჩური წესებით" საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება და პირდაპირი მოთხოვნა, რომ დადგეს კონკრეტული შედეგი:

„არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს განცხადება დაეწერა, ან სისტემიდან წასულიყო ან გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში. ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიმეღო. იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათთან კონფლიქტი მომივიდა. მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს არა „აკადემიური“ ხასიათი ჰქონდა, ვთქვათ - თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ, ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ, არამედ, ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირ მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე, ესა თუ ის შედეგი“, - განაცხადა ალავიძემ ინტერვიუში.

კიდევ ერთმა ყოფილმა მოსამართლემ ანა ღელეყვამ (ამჟამადემიგრაციაშია) განაცხადა, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი "ერთგულება იყო" და ეს მას ლევან მურუსიძემ (მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა) პირდაპირ უთხრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S