Accentnews.ge
ქუთაისში, ბანკის შენობაში მძევლად 12 პირი რჩება

ქუთაისში, ბანკის შენობაში მძევლად 12 პირი რჩება

20/09/2022 09:34:24 სამართალი

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ–ერთ ფილიალში, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, 12 პირი რჩება. ამის შესახებ შსს–ს უახლეს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

"ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს",– ვკითხულობთ განცხადებაში.

თავად თავდამსხმელი, რომელიც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, მძევლებს ვიდეოების ჩაწერას და გავრცელებას აიძულებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

როგორც ერთ–ერთ ვიდეოში თავდამსხმელი აცხადებს, შენობა დანაღმულია.

„როგორც გაიღება კარი, აფეთქდებაო“,– ამბობს მძევალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S