
პოდოლიაკი – "რეფერენდუმებზე": "ნამდვილად გსურთ, გაქცევისთვის საჭირო დრო შოუზე გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება"
20/09/2022 13:52:38 ევროპა
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების თაობაზე "რეფერენდუმის" დაანონსებს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
"რუსებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკანონო "რეფერენდუმი" HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანტები გაანადგურონ, გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინის კონტრშეტევას", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“ და დასძენს, „ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება“.
ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე ჩატარდება. ცნობილი ხდება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.