
შსს თავდამსხმელის დაკავებას ადასტურებს
20/09/2022 16:11:51 სამართალი
ყველა მძევალი თავისუფალია, ერთი პირია დაკავებული, სპეცოპერაცია დასრულებულია,– ამგვარი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა შსს–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მედიასთან.
მანამდე შს მინისტრის მხრიდან იგეგმებოდა მედიასთან გასაუბრება, თუმცა ეს კომუნიკაცია გაუგებარი მიზეზით არ შედგა – მინისტრმა ტერიტორია დატოვა.
ამდენად, ოპერაციის სხვა დეტალები უცნობია. მძევლები სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. მათ მძევლობაში თითქმის რვა საათის გატარება მოუხდათ.
ფილიალზე თავდასხმა დღის პირველ ნახევარში მოხდა. თავდამსხმელმა 12 პირი აიყვანა მძევლად და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. ასევე მოითხოვა ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი.
განახლება
მოგვიანებით შსს–მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული გ.ნ.
"ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს",– ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021