Accentnews.ge
„იყო აგრესიის მომენტი“: ყოფილი მძევალი მძიმე დღის დეტალებს იხსენებს

„იყო აგრესიის მომენტი“: ყოფილი მძევალი მძიმე დღის დეტალებს იხსენებს

21/09/2022 08:51:10 სამართალი

ეკა შელია, რომელიც 20 სექტემბერს „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში მომსახურების მისაღებად დაახლოებით, 11:00 საათისთვის მივიდა, მაგრამ მძევლობაში მინიმუმ 7 საათი დაყო, ამ მძიმე დღის დეტალებს იხსენებს.

როგორც ქალი ჰყვება, გრიგოლ ნარსიამ ბანკში შესვლის შემდეგ ჰაერში გაისროლა, განაცხადა, რომ ძარცვას ჰქონდა ადგილი, კარი ჩაკეტა და მოწყობილობები დაამონტაჟა.

„დანაღმულ ვარ, კარებზეც დეტონატორებია და მოგვთხოვა, ზედმეტი მოძრაობა არ გაგვეკეთებინა“,– იხსენებს ქალი “ფორმულასთან“.

თუმცა შელია ვარაუდობს, რომ ეს რეალურად ბუტაფორიული იყო, რადგან მოგვიანებით მან მძევლებს უთხრა, რომ „ამ მოწყობილობის არ შეშინებოდათ“.

შემდეგ თავდამსხმელმა უკვე მძევლებისთვის დაიწყო დავალებების მიცემა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები. ეს მოთხოვნები, როგორც თავად მძევლებისგან გახდა ცნობილი, იყო: $2 მილიონი, ვერტმფრენი, რუსული დროშა, ანკესი და სამ საათიანი ვადა ულტიმატუმის შესასრულებლად.

„დროშა უნდოდა გადმოეკიდა ანკესით – ასე მივხვდით“,– შენიშნავს ქალი.

მისივე თქმით, პოლიცია მძევლების ჩანაცვლებას სთავაზობდა, შემდეგ მოთხოვნილი თანხის დაკლებას – „ფული უნდა შევაგროვოთო. ჩვენც ვთხოვდით, დაეწია, უფრო მალე შეაგროვებენ–მეთქი. დასთანხმდა“ – იხსენებს ქალი.

შელიას თქმით, თავდამსხმელი აგრესიული გახდა, როდესაც ოთხმა პირმა შენობიდან გასვლა შეძლო:

„აგრესიის ერთი მომენტი იყო: ორმა გოგომ და ორმა ბიჭმა გასვლა მოახერხა. ეს რომ გაიგო, ძალიან აგრესიული გახდა – ყუმბარას რგოლი მოაძრო, ნემსიც გამოაძრო და ჩვენ პანიკა დაგვეწყო. მანამდე წებოვანი ლენტით ჰქონდა ხელყუმბარა დამაგრებული, რომ არ გავარდნოდა, მაგრამ როცა განერვიულდა, ესეც მოიძრო და მას შემდეგ პანიკაში ვიყავით. [...]

„ქალი იყო გასული საპირფარეშოში, მის სანახავად გამიშვა. მაგრამ იქ არ დამხვდა. იქვე კარი იყო, სადაც სპეცრაზმი იდგა. „გამოდიო“ – მითხრეს, მაგრამ არ გავედი, რადგან იცოდი, რომ პასუხი უნდა შემეტანა, ვიცოდი, რომ განერვიულდებოდა, „აფექტის მდგომარეობაში ერთ–ერთს მაინც რამე არ მოწიოს–მეთქი“ და არ გავედი. უკან დაბრუნებულმა ვუთხარი, „საპირფარეშოშია, კარგადაა, უბრალოდ დააგვიანდება–მეთქი“. ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა გასვლა, რის შემდეგაც ძალიან გაღიზიანდა და განერვიულდა“.

რაც შეეხება თავდამსხმელის დაკავების მომენტს, ქალი იხსენებს: „უკვე ძალიან დავიძაბეთ. მახსოვს, ვტიროდი და ვიჯექი. თვითონ ამ დროს „ლაივს“ [პირდაპირ ეთერს] უყურებდა – „რა ხდება, მაჩვენეთო“ – ერთ–ერთ გოგონას უთხრა. ამ დროს გვესმის ხმაური და ინსტინქტურად გოგოები ავდექით და გამოვიქეცით (აღარაფერს დავეძებდით, ვიცოდით, რომ ხელყუმბარა ხელში ჰქონდა). გვერდზე კარი იყო ჩაკეტილი, სიმწრით ჩამოვგლიჯეთ და ალბათ ამ დროს მოხდა მისი დაკავებაც – სპეცრაზმმა აიყვანა“.

თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და ოფიციალური მონაცემებით, მძევლად 14 პირი აიყვანა. როგორც შსს ამბობს, მძევლების გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდა. სპეცოპერაცია დაახლოებით, საღამოს 20:00 საათისთვის დასრულდა თავდამსხმელის დაკავებით და დარჩენილი მძევლების გათავისუფლებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მძიმედ იყო შეიარაღებული. კერძოდ, მისი თქმით, თავდამსხმელს თან ჰქონდა: დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, „სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“.

დაკავებულს – 37 წლის გრიგოლ ნარსიას თავდასხმას, ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S