
პოდოლიაკი – პუტინის გადაწყვეტილებაზე: „ცხოვრებას კარგი იუმორის გრძნობა აქვს“
21/09/2022 08:57:29 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.
„სამდღიანი“ ომის 210-ე დღე. რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურებას მოითხოვდნენ, საბოლოოდ მიიღეს მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და დაბლოკილი საბანკო ანგარიშები, ციხე დეზერტირობისთვის. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას კარგი იუმორის გრძნობა აქვს“, - წერს პოდოლიაკი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყება გამოაცხადა.
სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი პირები, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 ათას რეზერვისტს.
მისი თქმით, გაწვევა არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში.
რუსეთის არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგის და უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა.