კობახიძე – რუსეთში მობილიზაციაზე: „კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ“
21/09/2022 10:26:20 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე საქართველო კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოს, რომ რაიმე საფრთხე არ გამოეპაროს. ამის შესახებ კობახიძემ 21 სექტემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას, კობახიძემ უპასუხა, რომ არ განიხილება, რომ ხელისუფლება ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და სახელმწიფო უწყებები ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ:
“პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამას საზოგადოება ხედავს. ორჯერ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომ თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი, ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები.
ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბოლომდე კონტროლქვეშაა ვითარება. ყველა უწყება ამაზეა პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება.
რაც შეეხება ზოგად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მთელი ამ თვეების განმავლობაში. მით უმეტეს ახლა, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს ხომ?!
ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ომი დაიწყო და თქვენ ხედავთ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო უწყებები ბოლომდე უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება”, — განაცხადა კობახიძემ.
რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: ბილეთები გაიყიდა, ბაზარი დაინგრა, დაანონსდა აქცია : რეაქცია რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ


