
ბილეთები გაიყიდა, ბაზარი დაინგრა, დაანონსდა აქცია : რეაქცია რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ
21/09/2022 09:25:59 მსოფლიო
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსულ ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი დაცემა მოჰყვა,– იუწყება BBC.
მედიასაშუალების ცნობით, მოსკოვის დროით 10:43 საათზე მოსკოვის ბირჟის ინდექსი 4%–ით, ხოლო PTC-ის 5%–ით დაეცა.
გაუფასურება დაიწყო რუსეთის ეროვნულმა ვალუტამაც. დილიდან დოლარის კურსი 1,4 რუბლით გაიზარდა და 62 რუბლი შეადგინა.
რუსულ ბაზრებზე ინდექსების კლება გუშინაც დაფიქსირდა ვლადიმირ პუტინის მიმართვის მოლოდინში. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა.
ამასთან, „მედუზას“ ცნობით, პუტინის გამოსვლიდან მალევე რუსეთიდან სტამბოლისა და ერევანის მიმართულებით 21 სექტემბრის ყველა ავიაბილეთი გაიყიდა.
თურქეთშიც და სომხეთშიც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადაადგილება.
რუსეთის დატოვების გზებს „გუგლის“ საძიებო სისტემაში“ რუსეთის მოქალაქეები გუშინაც ეძებდნენ.
გარდა ამისა, რუსეთში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა “ვიესნა” მოსახლეობას აქციებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავიანთი ქალაქების ცენტრალურ ადგილებში გამოვიდნენ 21 სექტემბერს, რუსეთის დროით 19:00 საათზე სლოგანით “Нет могилизации!”[ითარგმნება როგორც საფლავიზაცია].
“ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები და ქმრები – ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაცვივდებიან. რისთვის მოკვდებიან ისინი?“– სვამს კითხვას მოძრაობა და დასძენს, რომ “ახლა ომი „იქით“ აღარ არის და ნამდვილად მოვა ყველა ოჯახში”, ხოლო “დეპუტატები და ჩინოვნიკები, რომლებიც მობილიზაციის აუცილებლობაზე ყვირიან, ცოცხლები და ჯანმრთელნი დარჩებიან თბილ სკამებზე”.
ცნობისთვის: პუტინმა დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შოიგუმ განაცხადა, რომ 300 000–მდე პირის მობილიზება იგეგმება.