რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნამ კვლავ გაიჟღერა
21/09/2022 12:19:44 პოლიტიკა
"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიმართავს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ოპოზიციურ ძალას, ერთად დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს და გასცემს დავალებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი დაწესდეს.
მისი თქმით, საფრთხე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, რაც უკავშირდება რუსეთიდან გაზრდილი რაოდენობით ჩამოსულ ვიზიტორებს, გამწვავდება უახლოეს მომავალში და რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო რუსეთიდან ისედაც გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე დაწესებული აქვთ მათთვის შეზღუდვები.
იხილეთ ასევე: მობილიზაციის ფონზე რუსეთის მოქალაქეები მასობრივად გარბიან საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში
"უახლოეს დღეებში, კვირებში, ალბათ, ჩვენ ვნახავთ ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ცდილობს თავის ქვეყანა დატოვოს. იმ პირობებში, როცა ევროკავშირმა გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მიცემა და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საერთოდ დახურა საკუთარი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველო დღეს რჩება ყველაზე მარტივ ადგილად, სადაც რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყანა დატოვონ, შეუძლიათ ჩამოვიდნენ უვიზოდ და ერთი წლის მანძილზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ომის დაწყების დღიდან ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით აუცილებელია, ვიმსჯელოთ სავიზო რეჟიმის შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან, რამდენადაც ხელისუფლებამ არათუ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ამ მიმართულებით, არც კი აპირებს ამ საკითხის განხილვას, ჩვენ "ლელო - საქართველოსთვის" გამოვდივართ ინიციატივით, დავიწყოთ მსჯელობა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე. მიგვაჩნია, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს და გასცემს დავალებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი დაწესდეს, თუმცა, გარკვეული გამონაკლისები, ცხადია, უნდა იქნას დაშვებული და სწორედ ამაზე ვაპირებთ მუშაობას. მივმართავთ წინადადებით ყველა ოპოზიციურ ძალას პარლამენტში, რომ ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რადგან საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რაც შეეხება რუსეთიდან გაზრდილი რაოდენობით ჩამოსულ ვიზიტორებს, გამწვავდება უახლოეს მომავალში იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს რუსეთის ფედერაციაში,"- განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
იხილეთ ასევე: რა რისკებს ქმნის ათასობით რუსული პასპორტი საქართველოში


