
ილჰამ ალიევი - ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს
21/09/2022 18:59:22 კავკასია
ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია. მხოლოდ ლაჩინის ტერიტორიაზე 1400-ზე მეტი ახალი ნაღმი განთავსდა და ეს ნაღმები 2021 წელს, ანუ ომის შემდეგ დაიდო. ეს არის ღია ტერორისტული ქმედებები. აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ომის შემდეგ ნაღმების აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა, ანუ ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. ამაზე ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი. უარი თქვას ამ ბინძურ საქმეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებდა.
შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ საკადრისი პასუხი გასცა და მტერს უკან დაახევინა. იმედია, ეს მაინც იქცევა მათთვის გაკვეთილად. რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას”, – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევის თქმით, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელები სომხეთის საზღვრებამდე გავიდნენ და სომხეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე შეჭრაში დადანაშაულებას უსაფუძვლო უწოდა.
„ჯერ ერთი, საზღვარი რომ იყო იქ, სადაც ამბობენ, შექმნიდნენ სასაზღვრო ხაზებს, კომუნიკაციებს და განახორციელებდნენ საინჟინრო სამუშაოებს. ისინი თვლიდნენ, რომ მთელი ყარაბაღი და ზანგეზური მათ დარჩებოდათ. ამიტომ მათ არანაირი სამუშაო არ გაუკეთებიათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის გარეშე ვერავინ იტყვის, სად გადის ის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და პასუხისმგებლობით ვეკიდებით დელიმიტაციის კომისიების მუშაობას – აზერბაიჯანულ-სომხური კომისიების მუშაობას”, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანს არ სურს ომი და ამიტომაც 30 წელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ, ალიევის განცხადებით, თუ სომხეთი გააგრძელებს პროვოკაციებს, ბაქო მათ ღირსეულად უპასუხებს.
„ჩვენ არ გვსურს და არ გვსურდა ომი. ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თითქმის 30 წელი. მაგრამ თუ მტერი ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს ჩაიდენს, ჩვენ ღირსეულ პასუხს გავცემთ. დღეს სომხეთი კარგად უნდა დაფიქრდეს. ულტიმატუმის ენით ნურავინ დაგველაპარაკება და არავის იმედი არ ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს. ჩვენ შევძელით მთელ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რისი უნარი გვაქვს, ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი მიწები სამხედრო გზით და ვამაყობთ ამით“, – განაცხადა ალიევმა.