
"მედვედჩუკის გადაცემა არ დაგვნანებია, რადგან მის მიმართ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა"
22/09/2022 08:08:34 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ვიქტორ მედვედჩუკის გადაცემა არ დანანებიათ, რადგან მის მიმართ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და უკრაინამ მედვედჩუკისგან მიიღო ყველაფერი, რაც საჭიროა სისხლისსამართლებრივი წარმოებისას სიმართლის დასადგენად.
უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის აპრილში დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.
„ჩვენ გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატი 200 მეომარში“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას.
პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდაპირველად უკრაინას სთავაზობდნენ 50 ადამიანის დაბრუნებას უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მედვედჩუკის სანაცვლოდ, თუმცა, დაჟინებით მოითხოვეს და მიაღწიეს, რომ 50 200-მდე გაიზარდა.
გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე და სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი. რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორისაა პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. ასევე, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები და მედიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 124 ოფიცერია.
უკრაინელი მეომრების გარდა, რუსეთმა გაათავისუფლა 10 უცხოელი მებრძოლიც.