„დაძაბულობაა, ყველა მამაკაცს კითხავენ“: ლარსზე რიგებია

22-09-2022 14:33:56 საზოგადოება

საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე – ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთი მხარეს რიგებია. ამის შესახებ რუსეთის ის მოქალაქეები საუბრობენ, რომელთაც საზღვრის გადმოკვეთა შეძლეს.

მათი თქმით, საზღვარზე რუსეთის მხრიდან კონტროლი გამკაცრებულია, ყველა მამაკაცი დაკითხვას გადის ქვეყნის დატოვების მიზნებთან დაკავშირებით, რასაც ისინი რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას უკავშირებენ.

„საზღვარზე უზარმაზარი რიგია. იცით, რომ ჩვენთან მობილიზაცია გამოცხადდა. ბევრს ეშინია, რომ გაიწვევენ, ბევრს არ სურს ომი, ამიტომაც ტოვებენ ქვეყანას. დეტალურად ამოწმებენ მათ საზღვარზე, ყველა მამაკაცი გადის დაკითხვას, ამიტომ დაძაბულობაა“,– ამბობს ერთ–ერთი მოქალაქე, სახელად, ალექსი.

საზღვარზე გადმოსულთა ნაწილი ომთან დაკავშირებით საჯარო საუბარს თავს არიდებს, ფიქრობენ რა, რომ ეს მათთვის საშიშია, ვიდან უკან დაბრუნება სურთ.

ნაწილი ამბობს, რომ დროებით საქართველოში გეგმავს დარჩენას, ხოლო ნაწილს სხვა მიმართულებით სურს წასვლა.

მათივე თქმით, რუსულ საზოგაადოებაში პროტესტმა იმატა, თუმცა აქვთ განცდა, რომ ეს ვერაფერს ცვლის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს და რომ „ბოლო ათი დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება“.

21 სექტემბერსვე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი.

რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები