„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელი განმარტავს, რაში სჭირდებოდა რუსეთის დროშა

22-09-2022 15:19:27 სამართალი

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტავს მის მოთხოვნებს, მათ შორის იმას, თუ რატომ მოითხოვა ფულთან და ვერტმფრენთან ერთად რუსეთის დროშა და ანკესი.

"იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონი აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. მე, ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი. ვერტმფრენით მინდოდა, რომ დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთის და რუსეთის მიმართულებით. ამისათვის მესაჭიროებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და მას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას გამეშალა", - წერია ნარსიას ჩვენებაში.

გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის თითქმის რვა საათის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს. ადვოკატები ტერორიზმის მუხლის გადაკვალიფიცირებას შეეცდებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები